იატაკის მონტაჟი

 

იატაკის  მონტაჟი

 

თუ გსურთ მიიღოთ იდეალური იატაკი განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ მის მონტაჟს.  მონტაჟი შედგება შემდეგი ეტაპებისგან: ბეტონისა და ქვიშა-ცემენტის მოჭიმული ზედაპირის მომზადება, ფანერის კონსტრუქციის მონტაჟი, გეგმის შედგენა და მასალის შეგუება ოთახის პირობებთან და უშუალოდ იატაკის საფარის მონტაჟი. ბოლო შტრიხია პლინტუსების და აქსესუარების დაყენება.

ნებისმიერი სახეობის იატაკის, იქნება ეს მასიური ხის პარკეტი თუ ვინილის ფილა, სამონტაჟო სამუშაოები იწყება მოჭიმული ზედაპირის მომზადებით. ზედაპირი აუცილებლად უნდა იყოს თანაბარი, მყარი და მშრალი. პირველ რიგში ხდება ზედაპირის შემოწმება და უსწორმასწორობის დონის განსაზღვრა. DIN 18202 სტანდარტით 1 მეტრზე დასაშვებია 3 მმ უსწორმასწორო ზედაპირი, 4 მეტრზე მაქსიმალური დასაშვები სხვაობაა 9 მმ, ხოლო 10 მეტრზე მხოლოდ 12 მმ. თუკი ზედაპირი ამ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, აუცილებელია მისი შემდგომი დამუშავება. ოპტიმალური შედეგის მისაღწევად ჩვენ ვიყენებთ კომპანია „ფორბოს“ მიერ დამზადებულ თვითსწორებად ცემენტს, რომელიც ავსებს უსწორმასწორობებს და ზედაპირს ანიჭებს იდეალურ სისწორეს. რაც შეეხება არამყარ ზედაპირს, მისი გამომწვევი ძირითადი პრობლემებია: ქვიშა-ცემენტის მორევის დროს წყლის რაოდენობის გადამეტება, დაბალი მარკის ცემენტი, ქვიშის ძალიან წვრილი ფრაქცია ან ძალიან ბინძური ქვიშა. ზედაპირის სიმყარის დადგენა ძალიან მარტივი მეთოდით ხდება -მისი გაკაწვრით ან მასზე ჩაქუჩის დარტყმით. თუ ზედაპირი არ შეესაბამება ნორმატივებს ის შეიცვლის ფერს და თვალშისაცემად დაზიანდება. ბეტონისა და ქვიშა-ცემენტის ზედაპირის ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 2-3 %-ს, ხოლო ანჰიდრიდული ზედაპირისა - 0,5 %-ს. იატაკში დამონტაჟებული გათბობის სისტემის შემთხვევაში ბეტონისა და ქვიშა-ცემენტის ზედაპირის მაქსიმალური დასაშვები ტენიანობაა 1,8 %, ხოლო ანჰიდრიდული ზედაპირისა - 0,3 %. გრუნტის და წებოს შესარჩევად აუცილებელია განისაზღვროს აბსორბირებადია ზედაპირი თუ არააბსორბირებადი. ყველა ამ პირობისა და ნორმის დაცვის შემდეგ ხდება ზედაპირზე ბზარების შემოწმება და მათი გასწორება-ამოვსება, შემდეგ დაგრუნტვა და საბოლოო ეტაპია სარემონტო და თვითსწორებადი ცემენტის დასხმა.

დამუშავებულ ბეტონისა და ქვიშა-ცემენტის მოჭიმულ ზედაპირზე შესაძლებელია პირდაპირ მოხდეს როგორც პარკეტის, აგრეთვე ვინილისა და ლინოლიუმის საფარის მონტაჟი ან ჯერ შესრულდეს ქვედა კონსტრუქციის, მაგ. ფანერის, კორპის, საიზოლაციო ლენტისა და ა.შ. დამონტაჟება.   უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ მოსამზადებელი და სამონტაჟო სამუშაოების დროს ოთახში ტემპერატურა უნდა იყოს 17-25 გრადუსის, ხოლო ტენიანობა 40-60 პროცენტის ფარგლებში.

შემდეგი ეტაპია სამონტაჟო გეგმის შედგენა და მასალის შეგუება ოთახის პირობებთან - ტემპერატურასა და ტენიანობასთან. პარკეტის მონტაჟის დროს უნდა გავითვალისწინოთ რა წყობას ვირჩევთ - რომბს, ნაძვისხეს, სტანდარტულ გემბანურ ტიპს თუ რაიმე სხვას. აგრეთვე განვსაზღვროთ, ვიყენებთ თუ არა დეკორატიულ ელემენტებს - ბორდიურებსა და მხატვრულ ცენტრს. ვინილისა და ლინოლიუმის ფილებისა და რულონების მონტაჟის შემთხვევაშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭება მონტაჟის გეგმის შედგენას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პირველი რულონის დამონტაჟებას.  სამონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე, აუცილებელია მასალამ  გაიაროს ოთახის პირობებთან შეგუების პროცესი, როგორც წესი ვინილისა და ლინოლიუმის იატებისათვის საკმარისია 24 საათი, ხოლო პარკეტისთვის 2-3 დღე.

შემდეგი ეტაპია იატაკის დამონტაჟება-დაწებება. ლამინირებული იატაკისა და სამშრიანი პარკეტის (ე.წ. პარკეტის დაფის) შემთხვევაში, როგორც წესი არ ვიყენებთ წებოს. მონტაჟი ხორციელდება გეგმის მიხედვით, ჩამკეტი სისტემების საშუალებით. მასიური ხის პარკეტის, ვინილისა და ლინოლიუმის მონტაჟის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს წებოს შერჩევას. არ უნდა დავივიწყოთ, რომ კარგ იატაკის საფარს აუცილებლად სჭირდება კარგი, ხარისხიანი წებო. გაულაქავი პარკეტის შემთხვევაში გასამაგრებლად ვიყენებთ ლურსმანს, ხოლო უკვე გამზადებული, გალაქული პარკეტის შემთხვევაში ლურსმნის გამოყენება არაა რეკომენდირებული. იმის მიხედვით თუ როგორი ტიპის იატაკის საფარის მონტაჟი ხორციელდება, ჩვენ ვიყენებთ სპეციალურ, შესაბამის წებოს.

საბოლოო შტრიხია აქსესუარების დაყენება. პლინტუსი, გადამყვანი, საფეხურებზე დასაფენი  -ყველა ეს აქსესუარი აძლევს იატაკს დასრულებულ, დამთავრებულ იერსახეს.

 

"